რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლომდებარე სოფლებში ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში იპოვეს ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილია.
ტერიტორია, სადაც ნამსხვრევები ნახეს, უკრაინის საზღვართან 14 კილომეტრში, ხოლო იზმაილის პორტიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
ინფორმაციას უკრაინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების IAR 330 Puma-ს ტიპის ვერტმფრენის ეკიპაჟმა ტულჩას მაზრაში მდებარე დასახლებული პუნქტების ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში აღმოაჩინა ფრაგმენტები, რომლებიც, შესაძლოა, უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნის. ნამსხვრევები ათეულობით მეტრის ტერიტორიაზეა გაფანტული," - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დილით ტულჩის საგანგებო სიტუაციების ინსპექციაში ნუფარულის რაიონში ობიექტების ჩამოვარდნის შესახებ რამდენიმე სატელეფონო ზარი შევიდა, შეტყობინება დაზიანებებზე ან ხანძარზე არ შესულა.
„ეროვნული თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობის ზონებში რეალური დროის რეჟიმში საჰაერო ვითარების მონიტორინგს ახორციელებს,“ - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს.
პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს.
რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა.
რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები გასული კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს.
-
რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს
-
რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს