ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ ირანს სურს დიპლომატიური გზით მოაგვაროს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში.
ორგანიზაციის ანალიტიკოსების დასკვნით, ირანი ცდილობს, შეამსუბუქოს დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ISW-ს მაგალითად მოჰყავს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადება. ნასერ კანანმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, 9 სექტემბერს ბაქოში, ირანის მაღალი დონის სამხედრო დელეგაცია შეხვდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს, რათა განეხილათ აზერბაიჯან-ირანის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველყოფისა საკითხები.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისი 9 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას, რეგიონული დაძაბულობის მოსაგვარებლად, დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი მზად არის, იკისროს „ეფექტიანი როლი“, როგორც „ძლიერმა მეზობელმა“, რათა თავიდან აიცილოს გეოპოლიტიკური ცვლილებები კავკასიაში.
ISW-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რაისის განცხადება საყურადღებოა იმ ფონე, როცა თეირანი ბოლო დროს გამოთქვამს შეშფოთებას რეგიონში გეოპოლიტიკური ტენდენციების შესახებ. ინსტიტუტი აქვე ხაზს უსვამს, რომ ირანის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის რაისიმ, 3 სექტემბერს თეირანში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაკან ფიდანთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ირანის ძლიერ წინააღმდეგობას საგარეო ჩარევისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების მიმართ კავკასიაში.
უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალი აქბარ ველაიათი 13 ივლისს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთისა და NATO-ს ჩარევა კავკასიაში, გაზრდის კონფლიქტის რისკს რეგიონში, რომელსაც ირანის მოწინააღმდეგეები - განსაკუთრებით შეერთებული შტატები და ისრაელი - გამოიყენებენ, რათა „შეარყიოს უსაფრთხოება" მთელ რეგიონში.
ამავე ანგარიშში წერია: „ირანის ლიდერებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, შექმნას სახმელეთო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან დააკავშირებს. ასეთი დერეფანი პირდაპირ დააკავშირებს აზერბაიჯანს თურქეთთან და შეაფერხებს ირანის ეკონომიკურ წვდომას ევროპისა და რუსეთის ბაზრებზე. ბოლო დღეებში ჩართულობა ხაზს უსვამს ირანის ლიდერების სურვილს, რომ დიპლომატიური საშუალებებით განმუხტოს დაძაბულობა.“