გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უკრაინის სარჩელის შესახებ მოსმენები განაახლა. საქმე ეხება მოსკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მისი შეჭრა, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. უკრაინის სარჩელს მხარს სხდომაში მონაწილეობით 32 სახელმწიფო უჭერს. ისინი განცხადებებს 20 სექტემბერს გააკეთებენ. პირველი, გერმანია იქნება.
უკრაინული მხარის განმარტებით, მის ტერიტორიაზე არ ყოფილა გენოციდი, რომლითაც პუტინი თავის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. გარდა ამისა, კიევი რუსეთის ფედერაციას „უკრაინაში გენოციდის აქტების დაგეგმვაში“ თავად ადანაშაულებს. კიევის ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი განზრახ კლავს და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინული ეროვნების ადამიანებს.
იურისტები უპრეცედენტოდ აფასებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაში დამატებით, 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. DW-ს ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა; ასევე ლიხტენშტეინი, ნორვეგია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სპეციალისტების თქმით, როგორც გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის კონვენციის მონაწილეებს, ამ ქვეყნებს პროცესში ჩართვის უფლება აქვთ. წინასწარი ინფორმაციით, ჩართული ქვეყნებიდან პირველი სიტყვით გერმანია გამოვა.
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგაში 2022 წლის თებერვალში შეიტანა. რვა ქვეყნის პარლამენტმა, მათ შორის უკრაინამ, უკვე აღიარა რუსული დამპყრობლების მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდად. ჰააგის კიდევ ერთი სამთავრობათაშორისო ტრიბუნალი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ გამოსცა დაპატიმრების ორდერი გასცა.
ინფორმაციისთვის, რუსეთის წარმომადგენელმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოც ახსენა. ის ამტკიცებდა, რომ საქართველო 2008 წელს ცდილობდა კონტროლის აღდგენას ორ სეპარატისტულ რეგიონზე ძალის გამოყენებით. შეგახსენებთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების აქვს ოკუპირებული, 2008 წლის ომის შემდეგ კი, მათი ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან
შეგახსენებთ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივ განცხადებაზე არმიერთების საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა. უწყებაში Europetime-ს განუცხადეს, რომ „გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე.“
ცნობისთვის, 40-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ, გასული წლის ივლისში გაავრცელა.