CNN-ის მიერ მოპოვებული სატელიტური სურათების მიხედვით, რუსეთმა, აშშ-მ და ჩინეთმა ბოლო წლებში ბირთვული იარაღის საცდელ პოლიგონებზე ახალი ობიექტები ააშენეს და ახალი გვირაბები გაიყვანეს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, ეს დროში ემთხვევა პერიოდს, როდესაც ამ სამ ქვეყანას შორის დაძაბულობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პიკს მიაღწია.
როგორც მედია წერს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომ რუსეთის, აშშ-ის და ჩინეთის მხრიდან გარდაუვალი ბირთვული გამოცდისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა 2018 წლამდე გადაღებულ სურათებთან შედარებით, შეცვლილია სამი ბირთვული საცდელი ობიექტის ინფრასტრუქტურა.
ერთ-ერთ პოლიგონს ჩინეთი შორეულ დასავლეთ პროვინციაში, სინძიანში მართავს, მეორეს რუსეთი - „ნოვაია ზემლიას“ არქიპელაგში, ჩრდილოყინულოვან ოკეანეში, მესამე - შეერთებული შტატების საცდელი ადგილი ნევადას უდაბნოშია. ბოლო სამი-ხუთი წლის განმავლობაში გაჩნდა ახალი გვირაბები, გზები და საწყობები, გააქტიურდა მანქანების მოძრაობა.
CNN-ის ცნობით, ჩინეთში საცდელ ადგილზე, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ახალი გვირაბი გათხარეს, აშენდა ახალი გზები და ასაფეთქებელი ნივთიერებების ახალი საწყობი.
ბირთვული პოლიგონის გაფართოება „ნოვაია ზემლიაზე“ 2022 წლის თებერვალში ფიქსირდება. 2021-დან 2023 წლამდე კი, არქიპელაგში გემები და სატრანსპორტო კონტეინერები ჩავიდნენ, მთებში გვირაბები გათხარეს, ზამთარში კი, გზები გაიწმინდა.
ჟურნალისტების თქმით, ნევადის ბირთვული პოლიგონის თავზე გადაღებული სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ ობიექტი 2018-დან 2023 წლამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და NASA-ს წარმომადგენლების თანახმად, ნევადაში მდებარეობს ლაბორატორია, სადაც ბირთვული ექსპერიმენტები ტარდება და იარაღს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ბირთვული გამოცდის გარეშე ამოწმებენ.