თურქული სახელმწიფო ოპერატორი BOTAS-ი რუმინეთში გაზის ექსპორტს იწყებს

თურქეთის გაზის ქსელის სახელმწიფო ოპერატორმა BOTAS-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუმინეთის OMV Petrom-ისთვის (ROSNP.BX) 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, ანკარა გაზის ექსპორტის შესაძლებლობებს აფართოებს. თურქეთი, საკუთარი გაზის მწირი წყაროებით, მაგრამ თხევადი გაზის იმპორტის ფართო ინფრასტრუქტურით, მიზნად ისახავს, ალტერნატიული მიმწოდებელი გახდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზის მცირე ბაზრებზე.

შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაე დაყრდნობით ავრცელებს.


გაზის ექსპორტი რუმინეთში პირველ ოქტომბერს დაიწყება და დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე, ანუ წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება. ხელშეკრულება 2025 წლის პირველ კვარტალამდე იქნება ძალაში. თურქეთმა ანალოგიური ხელშეკრულებები ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა.


ბოლო გარიგებით, BOTAS-ის საექსპორტო ვალდებულებები 3.3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ საექსპორტო მარშრუტის თითქმის სრული სიმძლავრეა. ანკარის შეფასებით, მაჩვენებელი შესაძლოა, ევროპელი მეზობლების გარკვეული ინვესტიციების ხარჯზე გაორმაგდეს.