გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს.
როგორ მან 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხსენებული შეთავაზება ჯამში 10 ქვეყანას შეეხება, 8 კანდიდატის სტატუსის მქონეს (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და 2 ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას (საქართველო და კოსოვო).
„მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას”, - განაცხადა ვარჰეიმ.
ვარჰეის თქმით, ამ სქემით აღნიშნული ქვეყნები სრულფასოვან წევრობამდე ევროპულ ბაზარსა და ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე - საქონლის, მომსახურების, შრომისა და კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევაზე - თანდათანობით წვდომას მოიპოვებენ.
„გვსურს ამ ქვეყნების ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე ერთიან ბაზარში, ოთხ თავისუფლებაზე - თანდათანობითი ინტეგრირების შესაძლებლობა შევქმნათ, ვინაიდან, ეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნებისთვის”, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ვარჰეის თქმით, ევროკომისიის წინადადება ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნებისთვის დამატებით თანხმებსაც მოითხოვს, რათა გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების დაჩქარება შეძლონ.
ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.
სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.