გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ

გერმანიამ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პარასკევს პირველი სამიტი გამართეს და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ბერლინში გამართულ სამიტზე უმასპინძლა, რათა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებში თანამშრომლობა განეხილათ. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.


მისივე ცნობით, ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ გერმანიასა და ცენტრალურ აზიას შორის „სტრატეგიული რეგიონული პარტნიორობის“ დამყარებაზე შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგან.

ისინი ასევე მიესალმნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშს, რომელმაც მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა.

ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალ წელს რეგიონში გერმანიის კანცლერისა და ცენტრალური აზიის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართება.


გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.

TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.