საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე ისაუბრა. მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, რომ ემზადებიან სასამართლო სხდომისთვის, რომელიც 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მისივე განმარტებით, პლენუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი.
„ველოდებით საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, საქართველოს პარლამენტის ხუთ დეპუტატს, ასევე ველოდებით საქართველოს პრეზიდენტს. ხვალ, 12:00 საათზე დავიწყებთ სხდომას. ვფიქრობთ, რომ სხდომას ხვალვე დავამთავრებთ, მაგრამ შეიძლება, თუ პროცესის მონაწილეებმა ვერ მოასწრეს თავიანთი პოზიციების სრულყოფილად ჩამოყალიბება ან სასამართლოს კიდევ სხვა, დამატებით რაიმე ექნება გამოსაკვლევი, პროცესი გაგრძელდეს 4 ოქტომბერსაც, მაგრამ 4 ოქტომბერი ჩვენი წინასწარი გათვლით არის პროცესის დასრულების ბოლო ვადა, ამის შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემჭიდროებულ ვადებში დასკვნა გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.
სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით. მას ამ შემთხვევაში, ალბათ, ეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ადგილზე 9 მოსამართლის მონაწილეობით.
თუ რამდენად სრულყოფილი იქნება სასამართლო განხილვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებით, რომელზეც პასუხები შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს... ჩვენ ვფიქრობთ,რომ 3 ოქტომბერს და 4 ოქტომბერს ეს სხდომა ჩატარდება და დასრულდება განხილვა, მაგრამ თუ როგორი იქნება სიტუაცია, ამას ადგილზე ვნახავთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ და პლენუმის შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს, საკმარისი იყო თუ არა წარმომადგენლის მიერ პროცესზე ჩამოყალიბებული არგუმენტები და პოზიცია, თუ საჭიროა, ასევე დამატებით პრეზიდენტის მოწვევა. თუ ასეთი საჭიროება დადგება დღის წესრიგში, მაშინ პლენუმის შემადგენლობა გადაწყვეტილებას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით პრეზიდენტი იყოს გამოძახებული და მოწვეული სასამართლოს სხდომაზე,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.
მისივე განმარტებით, სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.