როგორ აფასებს ევროკავშირი 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სურათს

ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს.

ელჩის თქმით, საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს ელოდებიან. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ჰერჩინსკის თქმით, „ანგარიში იქნება 35-თავიანი, სადაც ახსნილი იქნება, სად არის პროგრესი მიღწეული და ასევე წარმოადგენს იმასაც, თუ სად უნდა მიაღწიოს საქართველომ უფრო მეტ პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს წინსვლის შესახებ. ეს ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განხილვისთვის, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც ერთსულოვნად გადაწყვეტენ, თუკი და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.“


„ერთ წელზე მეტია, აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი ახადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული.

ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან.


მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას.

ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.


გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და რეკომენდაციები განუსაზღვრა.

უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.