WSJ: ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა

ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირებმა, ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის დაგეგმვაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

Wall Street Journal-ის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ოფიცრები „ჰამასთან“ რამდენიმე თვის განმავლობაში, აგვისტოდან დაწყებული, ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევების სტრატეგიისა და კოორდინაციისთვის მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მედია ხაზს უსვას, რომ ასეთი გარღვევა ისრაელის ტერიტორიაზე 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, IRGC-ის ოფიცრები ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფის, მათ შორის „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებს ბეირუთში შეხვდნენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებს ჯერ არ აქვთ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ისრაელზე თავდასხმაში ირანის ჩართულობას დაადასტურებდა.


კითხვას, სთხოვა თუ არა აშშ-მ ისრაელს, არ დაერტყა ირანისთვის, რომელმაც, ზოგიერთი ცნობით, გადამწყვეტი როლი ითამაშა „ჰამასის“ შეტევის დაგეგმვაში, ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ "ერთადერთი რაც ჩვენ ვუთხარით ისრაელს", ვაშინგტონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო.

ირანი „ჰამასის“ თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.

  • „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან,“ - აღნიშნულია გაეროში ირანის მისიის განცხადებაში.

მისიის მტკიცებით, „ჰამასის“ "ოპერაციის წარმატება" გამოწვეული იყო იმით, რომ ის მოულოდნელი იყო. ისრაელის უსაფრთხოების ორგანიზაციებმა კი მარცხი განიცადეს.

„ისინი ცდილობენ, გაამართლონ თავიანთი მარცხი და მიაწერონ ის ირანის დაზვერვის ძალასა და ოპერატიულ დაგეგმვას,“ - აღნიშნულია განცხადებაში


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციას აღიარებული „ჰეზბოლა“ 8 ოქტომბერს ასევე ჩაერთო საომარ მოქმედებებში .