რატომ განაცხადა უარი ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან უსაფრთხო დერეფნის შექმნაზე

დასავლური მედიის ცნობოთ, ეგვიპტე ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შესაძლებელი გახდეს ღაზის სექტორისთვის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს.

Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტე დიდი ხანია, ზღუდავს ღაზიდან ნაკადის შეშვებას თავის ტერიტორიაზე, თუნდაც ყველაზე სასტიკი კონფლიქტების დროსაც.

ეგვიპტის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ანკლავიდან პალესტინელების გამოსვლას სერიოზული შედეგები მოჰყვება.


თავის მხრივ, ეგვიპტის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის შეტევა ანკლავის დაცლის სქემის ნაწილია.

კაირო, რომელიც აქტიური შუამავალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ყოველთვის დაჟინებით ითხოვს, რომ მხარეებმა კონფლიქტები თავიანთ საზღვრებში მოაგვარონ. ეგვიპტის შეფასებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პალესტინელებს შეუძლიათ, უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოებრიობის უფლება.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს.

„ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, - განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.


11 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ "ღაზას უნდა მიეწოდოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების - საწვავის, საკვებისა და წყლის მარაგები“. „როიტერის“ წყაროების თანახმად, ჰუმანიტარული დერეფნის იდეა "გეოგრაფიულად შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში" განიხილეს ეგვიპტის, შეერთებული შტატების, კატარისა და თურქეთის მოლაპარაკებებზე.


მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარება ჰქონდა მხედველობაში.

გაეროს მონაცემებით, 12 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, თითქმის 339 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლები – მათი უმეტესობა თავს სკოლებს აფარებს. ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.