ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმასა და ისრაელის საპასუხო ზომებზე - მთავარი პროკურორი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ჰააგაში მოქმედი ამ სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ომის შესაძლო დანაშაულზე, რომელიც ისრაელში ჩაიდინეს „ჰამასის“ მეომრებმა და ისრაელელებმა - ღაზის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის მისი წევრი.

Reuters-ის ცნობით, სასამართლოს აქვს იმის უფლება, პასუხისგებაში მისცეს პალესტინელთა გასამხედროებული გაერთიანება „ჰამასი,“ რომელიც ღაზას მართავს.


„თუ იქნება იმის დასტური, რომ პალესტინელებმა, „ჰამასმა“ ან "ალ-ყუდსის ბრიგადებმა“, ან "ჰამასის" გასამხედროებულმა ფრთამ, ან სხვა პირმა, ან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ გვაქვს იურისდიქცია, სადაც უნდა იყოს ის ჩადენილი, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა.

7 ოქტომბერს, როცა „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს, საპასუხოდ კი, ისრაელმა დაბომბა ღაზის სექტორი, ხანმა განაცხადა, რომ ეს კადრები იყო „სულისშემძვრელი.“

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს იურიდიულ დევნას შესაძლო დანაშაულის გამო იმ შემთხვევებში, თუ 123 წევრ სახელმწიფოს არ სურს, ან არ შეუძლია, აწარმოოს სასამართლო პროცესი დამოუკიდებლად. ჰააგის ამ სასამართლოს წევრები არ არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და სხვები.

თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გასცემს ისრაელის და პალესტინელთა რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ კონფლიქტის მონაწილეებზე დაპატიმრების ორდერებს, გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული.

სასამართლო გამოძიებას პალესტინელთა ტერიტორიებზე შესაძლო ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტების გარშემო 2021 წლიდან აწარმოებს, რასაც ისრაელი არ აღიარებს.


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.