ისრაელისა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა.
„საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, შეაჩეროს ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების განხილვა და ამის თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებს აცნობა,“ - განუცხადა წყარომ AFP-ს იმ დღეს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერ-რიადში თავის კოლეგას, ფეისალ ბინ ფარხანს შეხვდა.
რიადში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას, ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს. მან ასევე ისაუბრა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, უსაფრთხო ტერიტორიების შექმნისა და ღაზასთვის დახმარების მიწოდების აუცილებლობის შესახებ.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა.
ფაისალ ბინ ფარჰანმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს. მან ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.
10 ოქტომგერს საუდის არაბეთი აცხადებდა, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობდა. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად.
12 ოქტომბერს ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს. ეს იყო ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ჩინეთის შუამავლობით, თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები განახლდა.
ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გასულ კვირაში გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ხაზს ავითარებდა BBC-იც, როდესაც წერდა, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებდა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე იერიშისთვის შერჩეული დრო.
BBC წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები გავლენას მოახდენს.“
„ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC.
„გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“ - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.