ირანის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის პრინცმა კავშირების აღდგენის შემდეგ პირველად ისაუბრეს

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს. ეს არის ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ჩინეთის შუამავლობით, თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები განახლდა. იუწყება Reuters-ი.

„საუდის არაბეთის პრინცმა დაადასტურა, რომ სამეფო ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან კომუნიკაციისთვის, რათა შეაჩეროს მიმდინარე ესკალაცია," - წერს საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA.

თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რაისიმ და საუდის არაბეთის პრინცმა განიხილეს „პალესტინის წინააღმდეგ ომის დანაშაულების დასრულების აუცილებლობა."


მანამდე, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო.


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.