საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო.
სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად.
„აბასი და ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, პოლიტიკური მეტოქეები არიან. აბასი ხელმძღვანელობს პარტია „ფათაჰს“, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს. ის ასევე არის პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) ხელმძღვანელი. საუდის არაბეთის მხარდაჭერა პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე ხდება. მოლაპარაკებები ისრაელს, საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობდა. მისი მიზანი რიადსა და თელ-ავივს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონფლიქტის ესკალაციამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს მძიმე დარტყმა მიაყენა. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა პასუხისმგებლობას ესკალაციაზე ისრაელს დააკისრა,“ - წერს BBC.
შეგახსენებთ, კონფლიქტის ფონზე, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. პალესტინის ელჩმა რუსეთში აბდელ ჰაფიზ ნოფალმა გამოცემა РБК-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ელოდებიან, რომ კრემლი ოფიციალურად გამოაცხადებს მოსკოვში აბასის ვიზიტის თარიღს. ნოფალის თქმით, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის შეთავაზება იყო, რომ აბასს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოლაპარაკება მოსკოვში გაემართათ და პალესტინური მხარე ამას დათანხმდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა. ელჩის თანახმად, ამ ეტაპზე მოსკოვში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.
პალესტინის ელჩი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარია მკვლელობის და ნგრევის შეჩერება. ნოფალის თქმით, ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად „ჰამასს.“
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
- რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას
- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters