„მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) პროექტ "მითების დეტექტორის" ფარგლებში გამოავლინა ფეისბუქგვერდები, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართულნი.
სულ გამოვლენილია 7 ასეთი გვერდი. კვლევის თანახმად, „თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება; ფეისბუქგვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს; ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი; 7 ფეისბუკგვერდიდან სამს ადგილსამყოფლად უკრაინა და უკრაინული ნომერი აქვს მითითებული; ზოგიერთ შემთხვევაში ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული."
„მითების დეტექტორის“ შეფასებით, ეს გვერდები ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
„დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს. გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული," - ნათქვამია კვლევაში.
მისივე თანახმად, „გავლენის კამპანიის წარმოებაში მიმების გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მავნე აქტორები სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ. მაგალითად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის “ტროლების ქარხნის” მიერ მიმების ტექნიკის გამოყენებაზე საუბარია აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში."