ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობა, ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი პირველი ასეთი განცხადება არქივში მოიძებნება, როდესაც 2018 წელს, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტს შეეხო. ერთ-ერთი ბოლო განცხადება კი 2020 წლით თარიღდება.
„როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. არასდროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი ხელშესახები შედეგი ამერიკასთან ჩვენ არ გვქონია. შარშან მიღებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის ათი წელი მოიცვა. ეს დეკლარაცია არის ყოვლისმომცველი. ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული აღმშენებლობის, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ალიანსი, არამედ არის საერთო ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებით ჩამოყალიბებული კავშირი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, 2020 წლის ოქტომბერში.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ განამტკიცა სტრატეგიული პარტნიორის ნდობა და გააძლიერა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აშშ-ის მხრიდან მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც გამოიხატა აშშ-ის საბიუჯეტო კანონში მნიშვნელოვანი ჩანაწერით და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, ვინც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას.
„დღეს კი საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს და მაღალ დონეზე პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად“, - შესაბამისი განცხადება უკვე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა, გუშინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. საკომიტეტო მოსმენები ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც პრემიერმა თანამდებობა დატოვა ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, რის შესახებაც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდანაც ისმის კრიტიკა, უკვე ახალი, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად
აშშ-ის ახლადდანიშნული სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელზე გაგზავნილი წერილის მნიშვნელობაზე დავით ზალკალიანმა საკომიტეტო მოსმენისას ისაუბრა. მისი თქმით, წერილში ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და მზაობა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გასაძლიერებლად.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, წერილში ასევე ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე და განსაკუთრებული აქცენტია დასმული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის განსაკუთრებულ როლზე და ერთობლივ ძალისხმევაზე შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
სამ მიმართულებას შორის, რითაც ამერიკის ნებისმიერ ადმინისტრაციას საქართველოს დახმარება შეუძლია და რაც საქართველოსთვის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, პოლიტიკური მეცნიერების მიწვეული ლექტორი პიტსბურგის უნივერსიტეტში, ვასილ რუხაძე ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს. Europetime-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ შემდეგი ასეთი ნაბიჯი - საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება და ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის რეჟიმების ეთნიკურად დისკრიმინაციულ რეჟიმებად გამოცხადება იქნებოდა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართული დიპლომატია სწორედ ამ მიმართულებებით უნდა წარიმართოს - „დანარჩენი ყველაფერი კი წყლის ნაყვაა“.
ანალიტიკოსი განმარტავს, რა შედეგს მოიტანდა ეს ცვლილებები:
ეს ყველაფერი გაამყარებს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. NATO-ში ჯერჯერობით ვერ შევდივართ, ასე რომ, ამერიკასთან თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ უშიშროებას გაზრდის. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება კი ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას ძალიან დაეხმარება და რა მცირედსაც ვაწარმოებთ როგორც ქვეყანა, ამერიკის ბაზრებს გაუხსნის.
რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის თავდაცვის ორმხრივ ხელშეკრულებას რუსეთი შეეწინააღმდეგება, ყველაფრით, რითაც შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში, რუსეთს ევროპის წამყვანი ქვეყნების გავლით ის ბერკეტები არ ექნება, რისი საშუალებითაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შეაჩერა. აშკარაა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკას უკანასკნელი 20 წლის და განსაკუთრებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, კავკასიაში დიდი მიღწვები ჰქონდა.
რუსეთმა სისხლში ჩაახშო ჩეჩნეთის აჯანყება, კიდე უფრო გაამყარა თავისი სამხედრო-ეკონიმიკური პოზიციები სომხეთში და როგორც ყარაბაღის უკანასკნელმა ომმა აჩვენა, რუსეთი ერთადერთი მხარეა, რომელიც მთლიანად მოგებული გამოვიდა ამ კონფლიქტიდან: რუსეთის ჯარი ამჟამად უკვე აზერბაიჯანშიც დგას, თანაც ირანს საზღვართან და რაც ასევე არ უნდა დავივიწყოთ, კვლავ რუსეთის ხელშია ყარაბაღის კონფლიქტის ახლიდან გაღვივების მექანიზმი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო კავკასიის რეგიონში ბოლო დარჩენლი პარტნიორია. თუ ამერიკის საგარეო პოლიტიკა კავკასიის რეგიონს სერიოზულად უყურებს, საქართველოს გამაგრება და გაძლიერება, რაც ამ შემთხვევაში თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულებით და თავისუფალი სავაჭრო ხელშრეკრულებით გამოიხატება, ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელება უნდა იყოს“.
ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
დავით ზალკალიანმა საკომიტეტო მოსმენისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუღებლობის თაობაზე, რასაც მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, სადაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
ანალიტიკოს ვასილ რუხაძის შეფასებით, მხოლოდ რიტორიკას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. როგორც ჩვენი პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის ბოლოს 30 წელმა გვაჩვენა, რიტორიკა ძალიან ხშირად ბევრად განსხვავდება რა ხდება რეალურად პოლიტიკაში.
„მთავარია, რა ცვლილებები იქნება უშუალოდ ქმედებებში. მე პირადად ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთთან მიმართებით რადიკალურ ცვლილებას, ან ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გამწვავებას არ ველოდები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კოვიდის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის ნეიტრალიზებისთვის ამერიკას სულ ცოტა რამდენიმე წელი დაჭირდება. კოვიდიც რომ არ ყოფილიყო, დღეს რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერ მდგომარეობაშია, ვიდრე 1980-იანი წლების შემდგომ ოდესმე ყოფილა. ეს ამერიკულ პოლიტიკურ წრეებს ძალიან კარგად ესმით. ასე რომ, რუსეთთან სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე ნამდვილად აღარავინ წავა. ყოველ შემთხვევაში მომდევნო რამდენიმე წელი მაინც“, - აღნიშნავს ვასილ რუხაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 თებერვალს გაავრცელა.
„სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე 2020 წლის შეერთებული შტატების არჩევნებში, მის სამხედრო აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე, SolarWinds-ის ინციდენტსა და სხვა თემებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომ დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს როგორც ამერიკას, ასევე მის მოკავშირეებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა