ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურის გარდაქმნას, სულ მცირე 3 წელიწადი დასჭირდება - სუს-ის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეფასებით, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, როგორიც დღეს არსებობს, 2009-დან 2011 წლამდე შეიქმნა. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების მიღებას. ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„საქართველოში ვის უნდა ესიამოვნოს განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი პორტ-პოსტის შექმნის თაობაზე. ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, რა სახითაც დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწყვის ნავებს, საპატრულო კატარღებსა და ასე შემდეგ, 2009-დან 2011 წლამდე შეიქმნა - მას შემდეგ, რაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მკაცრად მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების მიღებას. ექსპერტების გათვლებით, იმისთვის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა გარდაიქმნას, სულ მცირე სამი წელიწადი იქნება საჭირო, რათა ეს პორტი თავისი დაღრმავებით, ინფრასტრუქტურული განვითარებით, ამ კონდიციამდე მივიდეს.


პარლამენტში იყო ერთი შეკითხვა, რომ ეს [ოჩამჩირის] პორტი საფრთხეს უქმნის ანაკლიას, ანაკლიას მარტო პორტი კი არ უქმნის საფრთხეს, ანაკლიის პროექტს მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრთხეს, წარმოიდგინეთ, ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია. რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, მძიმე ტექნიკით. ეს იყო, არის და თუკი გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის,“ - განუცხადა ლილუაშვილმა მედიას პარლამენტში, ანგარიშის წარდგენის შემდეგ.


ოჩამჩირის სამხედრო პორტის სახელით აშენებული ინფრასტრუქტურა, გაუაზრებელი დაძაბულობის ფონზე იქნა აშენებული. საინტერესოა, თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს პარლამენტში მრავლად ისხდნენ, თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას საერთოდ რამეზე,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.


კითხვას, იგულისხმა თუ არა „გაუაზრებელ დაძაბულობაში“ 2008 წლის ომი, ლილუაშვილმა უპასუხა:

„მთელი ის პოლიტიკა, რასაც მაშინ ხელისუფლება აწარმოებდა. მათ შორის მშვიდობაზე დამყარებული პოლიტიკის საწინააღმდეგო მოქმედებები.“


შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს.


6 ოქტომბერს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენა. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს.

„ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით.

რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ.


თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.