TI-საქართველო პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს „მაუწყებლის შესახებ“ კანონს

მაუწყებლის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის, - ამის შესახებ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამძჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კანონის ძალით: ქართული მედია ცენზურის საფრთხის პირისპირ.“


როგორც ორგანიზაციის შეფასებაშია ნათქვამი, სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

„საერთაშორისო გამძჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებითვე, კანონპროექტის განხილვის პროცესი ინკლუზიური არ იყო.

„პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლის შესახებ“ კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად, ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან (როცა პროფესიული სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის, მედია თავად განიხილავს საჩივრებს და მათზე რეაგირების ფორმებს) რეგულირების სფეროში გადატანას. სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების (გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება) დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება.


სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე. „მაუწყებლის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის,“ - ნათქვამია დოკუმენტში.


ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს.

„არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა - ამ პირობებში კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის.


კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და იგი შესაძლოა სადამსჯელო ბერკეტად იქცეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებული.

ამდენად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები არ უნდა მიიღებოდეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.