ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ

ფინურ-ესტონური გაზსადენის (Balticconnector) დაზიანების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ფინეთის ფოკუსში ჩინური საკონტეინერო გემი მოექცა. 

ფინეთის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი გემის (Newnew Polar Bear) მოძრაობა გაზსადენის დაზიანების დროსა და ადგილს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ფინეთი აღნიშნული გემის როლზეა კონცეტრირებული. ანალოგიური დასკვნა აქვს ესტონეთსაც.

ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს „ხსენებულ მხარეში“ ასევე დაფიქსირდა რუსული გემი Sevmorput-ი. ესტონეთი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ამ ორ გემს რაიმე კავშირი მილსადენის დაზიანებასთან.


ფინელმა გამომძიებლებმა სამშაბათს, 17 ოქტომბერს განაცხადეს, რომ რამდენიმე გემს იკვლევენ, მათ შორის ერთ ჩინურ და ერთს რუსეთის საკუთრებაში არსებულს, რომლებიც ინციდენტის დროს ფინეთის ყურეში იმყოფებოდნენ.

„საგამოძიებო ღონისძიებები ფოკუსირებულია რამდენიმე გემზე, როგორიცაა Newnew Polarbear და Sevmorput, მაგრამ ასევე სხვა გემებზე, რომლებიც, მონაცემების მიხედვით, იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე, დაზიანების დროს,“ - აღნიშნულია ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.


ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მილსადენისა და სატელეკომუნიკაციო კაბელის (რომელიც ასევე დაზიანდა) დაზიანების შესახებ გამოძიების საკითხზე, ჰელსინკი დიპლომატიური არხებით უკვე დაუკავშირდა ჩინეთსა და რუსეთს.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან აღნიშნა, რომ მიმართეს ჩინეთს, რათა NewNew Polar Bear-თან დასაკავშირებლად დახმარება ეთხოვათ. რაც შეეხება რუსეთს, ფინეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, „საქმის სერიოზულობისა“ და გამოძიების შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია.

რუსეთის Rosatom-მა განაცხადა, რომ Sevmorput-ს არანაირი კავშირი არ აქვს მილსადენის დაზიანებასთან. NewNew Polar Bear-მა კი, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.


„ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩინეთის ხელისუფლებასთან აღნიშნული გემის როლის დადგენის მიზნით. ფინეთის პოლიციას ასევე ჰყავს წარმომადგენელი ჩინეთში, რომელსაც შეუძლია, ადგილზე გაუმკლავდეს საქმეს,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი რისტო ლოჰი. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, პოლიცია, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, დამატებით შეისწავლის გემის ისტორიასა და მოძრაობას.


„მძიმე ობიექტი“

ფინეთის პოლიციის ცნობით, გაზსადენის დაზიანების მიმდებარედ, ნაპოვნია მძიმე ობიექტი. გამოძიების ეროვნული ბიურო (NBI) ასევე იკვლევს, აქვს თუ არა კავშირი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ მძიმე ობიექტს გაზსადენის დაზიანებასთან. 

19 ოქტომბერს, გამოძიების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ გაზსადენის დაზიანების ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე გამოძიება დასრულდა. შეგროვებული ნიმუშების ანალიზი გამოძიების ეროვნულ ბიუროში, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს.


„გამოძიებამ დაადასტურა, რომ დაზიანება გამოწვეულია „გარე მექანიკური ძალით“ და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ზიანი აფეთქების შედეგია. ზღვის ფსკერზე ნაპოვნია ახლახან ჩამოყალიბებული ნიადაგის უზარმაზარი გროვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკიდურესად მძიმე საგანს შეიცავს. ჩვენ ახლა ვიკვლევთ, რა არის ეს ობიექტი და უკავშირდება თუ არა ის მილსადენის დაზიანებას,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი. პოლიციას ამ ობიექტის ბუნებაზე წინასწარი დასკვნის გაკეთება უჭირს. ფინური მხარე გამოძიებას აგრძელებს.


თავდაპირველად, მილსადენის ორი ოპერატორიდან ერთ-ერთმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა მიუთითა, რომ (Balticconnector) გაზსადენზე წნევის ვარდნა და შესაძლო გაჟონვა ქარიშხლის დროს შენიშნეს. სპეციალისტები იძულებული გახდნენ, გაზსადენის მუშაობა შეეჩერებინათ.

მოგვიანებით, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გაჟონვა, სავარაუდოდ, გარე ზემოქმედებით იყო გამოწვეული. ფინეთს დივერსიის ეჭვი აქვს, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია.

თავის მხრივ, ფინელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთმა ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გამო „დასაჯა.“


პარალელურად, შვედეთი იუწყება, რომ მესამე ხაზი, რომელიც სტოკჰოლმს ტალინთან აკავშირებს, დაახლოებით, იმავე დროს დაზიანდა. „მეორე სატელეკომუნიკაციო კაბელი, რომელიც შვედეთსა და ესტონეთს აკავშირებს, ნაწილობრივ გაითიშა დაახლოებით იმავე დროს, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარე გავლენით,“ განაცხადეს შვედეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა. ინციდენტების საპასუხოდ, NATO-მ ბალტიის ზღვის პატრულირება გააძლიერა.

  • „თუკი დადასტურდა, რომ მილსადენზე და კაბელზე დაზიანება მიზანმიმართულ თავდასხმას უკავშირდება, NATO-ს გადამწყვეტი პასუხი ექნება,“ - ეს განცხადება 11 ოქტომბერს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ცნობილია, რომ გაზსადენი NATO-ს ორ წევრს, ფინეთსა და ესტონეთს შორის, ბალტიის ზღვაზე გადის.

ინფორმაციისთვის, გაზსადენის აღდგენას 2-3 თვე მაინც დასჭირდება. “BalticConnector”-ის დროებით შეჩერება გაზის მიწოდების მნიშვნელოვან შეფერხებას არ გამოიწვევს.