სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გამო, სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა.


სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დასავლეთ ბალკანეთში ორგანიზებული დანაშაული მატულობს, ორგანიზებული ჯგუფები სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულნი და ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან.

„კონფლიქტის ზონებიდან სხვადასხვა ტერორისტული და ექსტრემისტული მოძრაობისა და დაჯგუფების წევრები, მათი ქმედებების შედეგების თავიდან ასაცილებლად, ან თუნდაც ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხის შელახვის განზრახვით, გადაადგილდებიან. არსებობს რისკი, რომ ასეთი ადამიანები შეუერთდებიან მიგრაციულ ნაკადებს და შეეცდებიან სლოვენიაში არალეგალურად შესვლას,“ - ნათქვამია სლოვენიის მთავრობის განცხადებაში.


სლოვენიის მთავრობამ 20 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ  დროებითი სასაზღვრო კონტროლი 30 ოქტომბრამდე შემოეღო მას შემდეგ, რაც მისმა მეზობელმა იტალიამ შიდა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სასაზღვრო გადასასვლელზე კონტროლი დააწესა.  

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები.


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.


12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.