კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ, საბოლოო ერთობლივი განცხადება დელეგაციებს შორის განსხვავებული მოსაზრებების გამო არ გამოქვეყნდება.
ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერები დედაქალაქ კაიროში შეკრიბა, რათა ღაზის სექტორში „ჰუმანიტარული ტრაგედიის“ დასრულების მიზნით, საგზაო რუკა ეპოვათ.
ისრაელ-ჰამასის ომის დეესკალაციის საკითხის განხილვის მიზნით, ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები მათი მიწის დატოვებას არ აპირებენ.
„ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები,“ – განაცხადა აბასმა.
იორდანიის მეფე აბდულა II გამოვიდა მოწოდებით, რომ „დაუყოვნებლივ შეწყდეს ღაზის ომი.“
როგორც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, Reuters-ის ცნობით, არაბმა ლიდერებმა „დაგმეს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა“, ევროპელებმა კი, განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. სააგენტო აღნიშნავს, რომ დიპლომატები, რომლებიც ამ სამიტს ესწრებოდნენ, თავად არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ სამიტი რაიმე გარღვევას მოიტანდა, შესაბამისად, მათი შეხვედრა ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა.
Reuters-ის ცნობითვე, მაშინ, როცა არაბული და მუსლიმური სახელმწიფოები „ისრაელის თავდასხმის დაუყონებლივ შეწყვეტას“ ითხოვდნენ, დასავლეთის ქვეყნები ძირითადად ახმოვანებდნენ უფრო მოკრძალებულ მიზნებს, როგორიცაა, ჰუმანიტარული დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
იორდანიის მეფემ ისრაელის თავდასხმების შესახებ „გლობალურ დონეზე არსებული დუმილი დაგმო.“ ამასთან, ის კონფლიქტისადმი თანაბარი მიდგომის მოწოდებით გამოვიდა. საფრანგეთმა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, შეიძლება, ცეცხლის შეწყვეტამდე მისვლა გამოიწვიოს. ბრიტანეთმა და გერმანიამ ისრაელის სამხედროებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, იტალიამ კი, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება.
სამიტს ისრაელი, აშშ და ირანი არ ესწრებოდნენ. ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა, სამიტზე მხოლოდ კაიროს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაგზავნა, რომელიც სხდომაზე საჯაროდ არც კი გამოსულა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი მიზანი „ერთმანეთის მოსმენა“ იყო. „ჩვენ გვესმის, რომ ერთად მეტი უნდა ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰუმანიტარული სიტუაცია, რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესი,“ აღნიშნა მიშელმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.