ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთთან, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთის უმაღლეს დიპლომატთან, ვან ისთან, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში.

ბლინკენმა 15-წევრიან საბჭოს მოუწოდა, დაეხმარონ კონფლიქტის შეკავებას, 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ მზარდი დაძაბულობის ფონზე.

„ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ზუსტად ამის გასაკეთებლად,“ - განაცხადა ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.


პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. აფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.