გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებს, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.
„მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ,“ - განაცხადა ერდანმა.
მანამდე, ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა. ელჩის მწვავე რეაქცია გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას მოჰყვა. გუტერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია მიიჩნია.
ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს.
გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას.
თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა, რომ გაეროს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკესთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვების მხოლოდ ერთ წუთს მოიცავდა და ტერორიზმს ამართლებდა.
„იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა,“ - განაცხადა ჰაიატმა.
24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.