მოსკოვის მხრიდან გათავისუფლების თხოვნის მიღების შემდეგ, "ჰამასი", რომელსაც მძევლად აყვანილი ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ცდილობს, რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რვა პირი მოძებნოს.
ვრცელდება "ჰამასის" “პოლიტიკური“ ბიუროს წევრის, მუსა აბუ მარზუკის კომენტარები, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ჰამასს" გაუგზავნა სია იმ რვა პირის, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და რომლებიც ამჟამად მძევლად არიან აყვანილნი ღაზის სექტორში.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამ სიას და მას ფრთხილად დავამუშავებთ, რადგან რუსეთს ჩვენს უახლოეს მეგობრად განვიხილავთ," - ციტირებს „ჰამასის“ წარმომადგენელს რუსული მედია.
"ჰამასმა" 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეები.
"ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმისას 200-ზე მეტი მძევალი აიყვანა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ისრაელის ცნობით, თავდასხმას 1400 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად სამოქალაქო პირები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ "ჰამასის" “დელეგაცია“ მოსკოვში იმყოფებოდა.
სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასის" წარმომადგენელთან განიხილეს ღაზაში მძევლების გათავისუფლება და უცხოელების, მათ შორის რუსების ევაკუაცია.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ "ჰამასის" დელეგაციის მიწვევას უხამსი ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ "ჰამასი" უარესია, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო".
ირანთან კავშირის მქონე "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.