აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მომავლის რამდენიმე ვარიანტს იკვლევენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, მოიცავს მრავალეროვნული ძალების შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ასევე შეიძლება, ამერიკულ ჯარებს შეიცავდეს.
სააგენტოს ცნობით, პირველი სცენარი გულისხმობს ღაზას სექტორზე დროებითი კონტროლის გადაცემა რეგიონის ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჯარების მხარდაჭერით. “ასევე სასურველია ისეთი არაბული ქვეყნების ჩართულობა როგორიცაა, საუდის არაბეთი ან არაბეთის გაერთიანებული საამიროები,“ აღნიშნავენ Bloomberg-ის თანამოსაუბრეები.
მეორე ვარიანტი არის მრავალეროვნული ძალებისა და დამკვირვებლების მსგავსი სამშვიდობო ძალების შექმნა სინაის ნახევარკუნძულზე, რომელიც აღასრულებს 1979 წელს ისრაელ-ეგვიპტის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ისრაელი, მიიჩნევს, რომ იდეა განხილვას იმსახურებს.
მესამე ვარიანტი გაეროს ეგიდით ღაზის სექტორში დროებითი მთავრობის შექმნას გულისხმობს. ასეთი სცენარს უპირატესობას გაეროს ლეგიტიმურობა ანიჭებს, მაგრამ ისრაელი ამას შეუსაბამოდ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ორგანიზაციის საქმიანობას “სარგებელი ნაკლებად მოაქვს.“
თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეფასებით, ყველაზე გონივრული იქნება, თუ ღაზის სექტორის მმართველობას და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, საბოლოო ჯამში, პალესტინის ხელისუფლება აიღებს.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, არ შეიძლება, სტატუს კვოს დაბრუნება „ჰამასის“ მმართველობასთან მიმართებით. ისრაელელი მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა.
„ისრაელელები თავად იწყებენ ამ წინადადებით, რომ ისრაელის განზრახვა არ არის ღაზის სექტორის კონტროლი. ეს არ შედის მათ ინტერესში და ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ექნება მხარდაჭერა,“ – აღნიშნა ბლინკენმა აშშ-ის სენატში, ასიგნებების კომიტეტზე მოსმენისას.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.