ახლა დეკემბერს უნდა დაველოდოთ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა.
„ეს 5 კვირა სრულიად გადამწყვეტი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ 15 დეკემბერს ევროკავშირის ყოველი წევრი ეთანხმება ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას.
შემდეგ ორი სამიზნე გექნებათ. პირველი - თავად საქართველო, რომელმაც რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს ან თუნდაც დააჩქაროს ისინი, და ჩვენ ცხრა ნაბიჯი გვაქვს, რომელიც ევროკომისიამ გამოავლინა. და მეორე მხრივ - თავად ევროკავშირი, ამჟამად 27 წევრი ქვეყანა, რომლებმაც მომზადება უნდა დაიწყონ რამდენიმე ან, შესაძლოა, ათი ახალი წევრის მისაღებად.
რამდენ ხანს დაიკავებს ეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები - ვნახავთ, მაგრამ გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ორივე მხრივ ვიმოძრაობთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ საქართველოს ევროკავშირში სრული წევრობაც აღვნიშნოთ,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
- ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
- რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი
საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ახალი ნაბიჯია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ელჩის თქმით, გაფართოება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთსულოვნად არის გადაწყვეტილი.
„გადაწყვეტილებები უმაღლეს დონეზე მიიღება, 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე. მათზეა დამოკიდებული დარწმუნდნენ, რომ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას გაჰყვებიან, მათ უნდა გადაწყვიტონ შემდგომი ნაბიჯები იმ პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთხმად ისაუბრონ, როდესაც საქმე ევროპულ ინტეგრაციას ეხება, რომ იყოს ინკლუზიურობა და თანამშრომლობა.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ღიაა, რომ გელით. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, ორი დღე გავატარე იქ, ჩემს ყველა უფროსს ვესაუბრე, ყველა მოუთმენლად ელის როდის დასხდებით მაგიდასთან. თუმცა ეს მომზადებას მოითხოვს, ეს მოითხოვს, რომ საქართველო მზად იყოს, რათა ევროკავშირის წევრობით ისარგებლოს და რათა ევროკავშირი უფრო ძლიერი გახადოს.
ამისთვის ჩვენ ახლა ცხრა ნაბიჯისგან შემდგარი კომპლექტი გვაქვს. ზოგიერთი მათგანი ძალიან ნაცნობია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი 12 პრიორიტეტიდანაა, რომლებიც ჯერ კიდევ პროგრესში იმყოფება. სხვები ახლებია. ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია. რა თქმა უნდა, ჩვენ არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება. ყველა დემოკრატიაშია განსხვავებული ხმები, ყველა დემოკრატიაში განსხვავებული ხედვები, მაგრამ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.