სრულიად აუცილებელია, რომ, სრულიად ბუნებრივი განსხვავებების მიუხედავად, როცა საქმე ეხება ნომერ პირველ პრიორიტეტს - ევროინტეგრაციას, ვიხილოთ ყველას ძალების გაერთიანება, თანამშრომლობა, ჯერ კიდევ აუცილებელი რეფორმების განხორციელების საუკეთესო გზების ძიება ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ წინსვლისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს.
„დემოკრატიას თავისი წესები აქვს. ცხადია, სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები განსხვავებულ თემებზე და ისინი წარმოაჩენენ ამ განსხვავებულობას, ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც და უთანხმოებებიც აქვთ, თუმცა ერთიანობა ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე [ევროინტეგრაციაზე], უკიდურესად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს წინსვლისთვის და ვიცი, რომ, როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, იქნება პროგრესი ამ საკითხზე, რაც ყველასგან მოითხოვს ერთობლივ მუშაობას: მთავრობისა, რომელიც უნდა ეურთიერთოს ოპოზიციას; აგრეთვე ოპოზიციისა, რომელმაც ამ კონკრეტულ საკითხზე ძალიან კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს მმართველ უმრავლესობასთან. ეს არის სრულიად აუცილებელი,“ - აღნიშნავს ჰერჩინსკი.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.