საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას. კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს.
ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.