შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან

აშშ-საქართველოს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა; ვაშინგტონის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით; ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საქართველოს უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში, NATO; საქართველოს ეკონომიკა ანაკლიის პორტის გავლით ვაჭრობის განვითარების კონტექსტში, შუა დერეფანი - ამ და სხვა თემებზე Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა.


ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის “ორმხრივი პარტნიორობა კარგია.“ ოფიციალური პირი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, „აშშ აპირებს, გააგრძელოს პარტნიორობა ქართველ ხალხთან და მთავრობასთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.“

„გვინდა, მივულოცოთ  ქართველ ხალხს და მთავრობას ევროკომისიის რეკომენდაციის მიღება - ეს არის დიდი სიგნალი და დიდი შესაძლებლობა ყველა ქართველისთვის და ვფიქრობთ, ეს აჩვენებს გზას იმ პარტნიორობის გაგრძელებისკენ, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები 31 წელზე მეტია, საქართველოსთვის ასეთი ძლიერი პარტნიორია.

და ვფიქრობთ, ის მღელვარება, რომელიც ქუჩებში ვნახეთ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, აქაც, ვაშინგტონში გაიზიარა ყველამ, ვისაც საქართველო უყვარს. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და პოლიტიკური პარტიები, ასევე, პარლამენტი და მთავრობა ერთად იმუშავებენ, ნამდვილად გვექნება საინტერესო შესაძლებლობები ჩვენი მომავლისათვის,“ - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი Europetime-თან.


აშშ-ის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით

აშშ-ის დაზვერვის ბოლო ცნობების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გააგრძელებს რუსეთის მცდელობების გამოაშკარავებას, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიული არჩევნების მთელ მსოფლიოში, რამდენად მასშტაბურია ეს საფრთხე საქართველოსთვის და როგორ დაუჭერს მხარს აშშ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფას, ამის პასუხად, ამერიკელი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს „წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი“ საკითხია აშშ-სთვის, რადგან „როდესაც ვსაუბრობთ ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.“

ამერიკელი მაღალჩინოსანი აქვე იმეორებს აშშ-ის პოზიციას, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან, რათა “უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი დაკვირვების საჭიროებები.“


„რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. რუსეთი ცდილობს, ძირს გამოუთხაროს დემოკრატიებს შიგნიდან. ამის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, ერთად გადავდგათ საპასუხოდ. რუსეთის ძალისხმევის შესახებ დისკუსიები გვქონდა საქართველოსთანაც,“ - განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. 


რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვაშინგტონის შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არჩევნების გრძელვადიან და მოკლევადიან დაკვირვებაზე მუშაობის დაწყებაა, რათა დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.


საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ალიანსის ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი

ვაშინგტონის შეფასებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ვაშინგტონის შეფასებითვე, საქართველო არის NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორი, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა გააძლიეროს. „ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წასწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ის მრავალი თვალსაზრისით პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს.“


ანაკლიის პორტი

შეერთებული შტატები დიდი ხანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მას ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. შეერთებული შტატები აღიარებს შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს.

ვაშინგტონის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარება ცენტრალური აზიიდან კავკასიის გავლით ევროპაში ტვირთის გატანას შეუწყობს ხელს და რეალურად დაეხმარება ეკონომიკურ ინტეგრაციას და განვითარებას მთელ რეგიონში.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პორტის შემდგომი განვითარება მართლაც მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. პორტის განვითარება საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა მნიშვნელოვანია პროექტის გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობასთან შესაბამისობა, რომელიც ნამდვილად მოემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, მათ კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებას,“ - მიაჩნიათ ვაშინგტონში.


შავი ზღვის რეგიონი და რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში

რა როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მნიშვნელობისა და როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა.


„ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა,“ - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსანი.


ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში.

ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“


სომხეთი - აზერბაიჯანი

ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს.

  • „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“