უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინამ და იტალიამ უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაიწყეს.

„იტალიის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ კონსულტაციები „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ყველა სახელმწიფოსთან დაიწყო.


11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.

G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.