NATO-უკრაინის საბჭო (NUC) დღეს პირველად შეიკრიბა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა ერთობლივად იმოქმედონ NATO-უკრაინის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.
მოკავშირეები აპირებენ, გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რადგან ის აგრძელებს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას ვიდრე, ეს საიჭირო იქნება. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ზონის სტაბილურობისთვის.
ამის შესახებ ნათქვამია 29 ნოემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში.
„მინისტრებმა მიმოიხილეს ვილნიუსის სამიტზე შეთანხმებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაფართოებული პაკეტის განხორციელება. მინისტრებმა მხარი დაუჭირეს NUC-ის ქვესტრუქტურას და ამბიციურ სამუშაო პროგრამას 2024 წლისთვის. ამ კონტექსტში, NATO და უკრაინა უკვე მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს ერთად, თანაბარი სახით, საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციების, კიბერთავდაცვისა და მედეგობის მიმართულებით. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ ამ სამუშაო მიმართულებებს.
NATO აგრძელებს უკრაინისთვის სასწრაფოდ საჭირო არალეტალური დახმარების გაწევას. ჩვენ ერთად ვცვლით დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს მრავალწლიან პროგრამად, რომელიც დაეხმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენას და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვამუშავებთ საგზაო რუკას უკრაინის NATO-სთან სრულ თავსებადობაზე გადასვლისთვის. ჩვენ ასევე ვამუშავებთ ახალ პროექტებს ჰუმანიტარული განაღმვის მიმართულებით, ასევე, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სამედიცინო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,“ წერია განცხადებაში.
მისივე თანახმად, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გააგრძელოს დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები.
„მოკავშირეებმა უკრაინას პრიორიტეტული რეფორმების რეკომენდაციები წარუდგინეს.NATO-უკრაინის საბჭო მიესალმება უკრაინის მიერ 2024 წლის ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის პრეზენტაციას და მოუთმენლად ელის მის განხორციელებას. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში NATO-ში მომავალი წევრობის გზაზე,“ აღნიშნულია განცხადებაში.