უკრაინის NATO-ში სწრაფი გაწევრიანება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაარწმუნებს, რომ უკრაინაში ომი უაზრობა იყო. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი აცხადებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს დღევანდელი პოლიტიკა უნებლიედ მიანიშნებს პუტინს, გააგრძელოს საომარი მოქმედებები. ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა გახდება წევრი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ვერ შევიყვანთ მას NATO-ში, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. ეს პუტინს ომის გაგრძელებისკენ ახალისებს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ჩვენ გავაგზავნოთ ზუსტად საპირისპირო გზავნილი, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე გახდება NATO-ს წევრი. ამრიგად, ამ ომის გაგრძელება პუტინისთვის უაზრო იქნება, ხოლო რუსეთისთვის დამანგრეველი,“ - აღნიშნავს ვოლკერი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი განზრახვის პრაქტიკული განხორციელება არ არის ისეთი რთული, როგორც სჯეროდა.
მისთვის ეჭვგარეშეა, არსებობს შეშფოთება, რომ უკრაინის წევრობამ შეიძლება, გამოიწვიოს ესკალაცია, ბირთვული იარაღის რისკი ან NATO-სა და რუსეთის ძალებს შორის პირდაპირი დაპირისპირება. ეს შეშფოთება გასათვალისწინებელია, მაგრამ როგორც ვოლკერმა განმარტა, მათი მოგვარება შესაძლებელია.
„ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, განსაკუთრებით, NATO-უკრაინის საბჭოს ფორმატში, რას ნიშნავს მე-5 მუხლი უკრაინისთვის და რა ნაბიჯებს გადადგამს ალიანსი უკრაინის დასაცავად ამ მუხლის მიხედვით. მე-5 მუხლი არ შეიცავს კონკრეტულ ვალდებულებას ჯარების განლაგების შესახებ. საუბარია კოლექტიურ პასუხზე. ასეთი კოლექტიური პასუხი ახლაც გვაქვს, რადგან NATO უკვე უზრუნველყოფს უკრაინას წვრთნით, აღჭურვილობითა და დაზვერვით,“ - განმარტა ვოლკერმა.
ამავე დროს, ვოლკერმა აღნიშნა, რომ NATO-ს შეუძლია, მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას. კერძოდ, ეს ეხება ნაღმებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო ნაღმების, რაც გახსნის მარშრუტებს შავ ზღვაში.
„NATO-ს ასევე შეუძლია, უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში. შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფა კარგი დასაწყისია და ახლა ყველაფერი უკეთესადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალიანსს შეუძლია, მეტი გააკეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში უშუალო დახმარებით. უკრაინა დასავლეთით NATO-ს ქვეყნებს ესაზღვრება, რაც საშუალებას იძლევა, გამოიყენოს შესაძლებლობები დიდი დასახლებების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში.