ზელენსკი: რუსეთთან ომი ახალ ეტაპზეა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Associated Press-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთთან ომი ახალ ეტაპზეა.

AP წერს, რომ ზამთარი, სავარაუდოდ, გაართულებს ბრძოლას ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ მოიტანა იარაღისა და სახმელეთო ძალების დეფიციტის გამო, თუმცა მიუხედავად ამისა, ზელენსკი გამოცემასთან ხაზს უსვამს, რომ უკრაინა დანებებას არ აპირებს. 


შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ.


ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეერთებულ შტატებში AP-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი იხარჯება უკრაინაზე. რესპუბლიკელების მზარდი რაოდენობა  უკრაინისთვის მეტი დახმარების გაგზავნას არ ემხრობა და უცნობია, კონგრესის მიერ დაამტკიცდება თუ არა თეთრი სახლის მოთხოვნა დამატებითი დახმარების შესახებ. ამის თაობაზე კითხვას, ზელენსკიმ პირდაპირ უპასუხა, რომ „ამერიკელთა არჩევანი ამერიკელების არჩევანია,“ მაგრამ უკრაინის დახმარებით ამერიკელები საკუთარ თავსაც ეხმარებიან.

„უკრაინის შემთხვევაში, თუ დღეს მდგრადობა შეირყევა დახმარების, იარაღისა და დაფინანსების ნაკლებობის გამო, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, NATO-ს ქვეყნებში შეიჭრება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.