შვედეთის ელჩის მოადგილე: კანონის უზენაესობის, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებების კუთხით, საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება

„როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება, საქართველოს აქ მეტი პროგრესი სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

„შვედეთის გადმოსახედიდან, ჩვენ ამას [ევროკომისიის რეკომენდაციას] დადებითად ვუყურებთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.

ამჟამად, როგორც იცით, 27 წევრი სახელმწიფოს ზოგიერთ პარლამენტში მიმდინარე დემოკრატიული პროცესია, რათა 14-15 [დეკემბრის] დასკვნამდე მივიდეთ. ოპტიმისტურად და პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ არ შემიძლია, რომ შვედეთის პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას გავუსწრო, მაგრამ ჩვენ ძალიან ველით ამ შეხვედრასა და გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მალე კანდიდატი ქვეყანა იქნება და შეეძლება [ევროკომისიის] 9 ნაბიჯში ჩამოთვლილ თემებსა და პრობლემებზე მუშაობის დაწყება.

ასე რომ, კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მოდის, რომ საქართველო ამ 9 ნაბიჯს განახორციელებს, რომლებიც მნიშვნელოვანია შემდეგ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაა… გაფართოების შესახებ ანგარიშში ევროკომისიამ წინა 12 რეკომენდაციაზე პროგრესი შეაფასა. შეგვიძლია ვნახოთ, რომ 3 მათგანი მეტ-ნაკლებად განხორციელებულად შეფასდა. თუმცა სხვა პრობლემებიც იყო, როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება. ეს ის თემები იყო, სადაც საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება,” - განაცხადა ილესმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“