ელჩი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: ლიეტუვა კონსენსუსის მისაღწევად, ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ ლიეტუვა ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს კონსენსუსის მისაღწევად, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ბევრი სახელმწიფო სწორედ ერთსულოვნად იღებს. ელჩის შეფასებით, ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია როგორც თავად ევროკავშირისთვის, ევროპული ქვეყნებისა და ხალხისთვის, ასევე საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.


„დრო ორ კვირაზე ნაკლებია. ევროკავშირის ძალა კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოიხატება და ხანდახან ამის მიღწევა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია. ვისურვებდი და იმედი მაქვს, ეს კონსენსუსი საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული და ყველა საკითხზე იქნება თანხმობა 15 დეკემბერს.

ეს საკითხი არამხოლოდ მთავრობის, ოპოზიციის ან სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად მოსახლეობისთვის. ყველაფერი არის შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს დროის უქმად დახარჯვის ფუფუნება, ამიტომ ამ შესაძლებლობას პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ და აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მხარესთან,“ – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.