უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახურულ ბრიფინგზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენატორებს მიმართავს.
The Hill-ის ცნობით, ზელენსკი სენატორებთან ისაუბრებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობისა და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროების შესახებ.
სენატორები ხვალ კენჭს უყრიან საკანონმდებლო მექანიზმს გადაუდებელი საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
გასულ თვეში The Economist-თან ინტერვიუს დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის, უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
„ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ.
ახლახან Associated Press-თან საუბარში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია.
შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ.
ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
რაც შეეხება ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.