რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ დოკუმენტში, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ პარლამენტს გადაუგზავნა

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ ნიდერლანდების პარლამენტისთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილ დოკუმენტში, ნიდერლანდების მთავრობა „სიფრთხილით“ ეკიდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ამის მიზეზად კომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე შეზღუდულ პროგრესს ასახელებს.

ეს არის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელსაც ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახალ შემადგენლობაში განიხილავს, სადაც უმრავლესობა პარტიას თავისუფლებისთვის (PVV) ეკუთვნის. შესაბამის ინფორმაციას civil.ge ავრცელებს.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობა აღიარებს ევროკომისიის გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების მთავრობა ხაზს უსვამს გაფართოების პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობას.

ნიდერლანდების მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აქტს არ აქვს სამართლებრივი, ფინანსური ან ოპერატიული შედეგები. დოკუმენტის თანახმად, „ეს უფრო შეიძლება, ჩაითვალოს როგორც მკაფიო სიგნალი საბჭოს მხრიდან, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისკენაა მიმართული.“


ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, ნაწილობრივ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნავს რა, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა, როგორც ჩანს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა, ის აცხადებს, რომ „საქართველოსთან მოლაპარაკებები შეიძლება, მხოლოდ მაშინ დაიწყოს, როდესაც იქნება მდგრადი პროგრესი კომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებზე. ამისთვის მოკლე გზა არ არსებობს.“


მართალია, პროგრესის ნაკლებობის გამო ნიდერლანდების მთავრობა საქართველოს საკითხს სიფრთხილით ეკიდება, ის დადებითად უყურებს კომისიის რეკომენდაციას მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ამ ორ სახელმწიფოს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისიის წინადადება გაზომილი და დაბალანსებულია და რომ მთავრობას დადებითი დამოკიდებულება აქვს კომისიის რეკომენდაციის მიმართ, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვამ და უკრაინამ შეასრულეს კომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების უმეტესობა და რომ მთავრობა მხარს უჭერს კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ნაბიჯებს, რომლებიც მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღებამდე უნდა გადაიდგას.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.