ვიქტორ ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
დოკუმენტის ავტორების თქმით, „უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. დღეს ამის პირობები არ არსებობს.“
უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაში აღნიშნულია , რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ პროცესად უნდა დარჩეს, რომელიც წესებსა და შედეგებს ეფუძნება.
უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ორბანი ემანუელ მაკრონს ხვალ პარიზში შეხვდება.
Politico 5 დეკემბერს წერდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით."
"ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი.
4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად.
უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს.
ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე.
„მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში.
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა.
ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა.
"გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.