ლიეტუვისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა არვიდას ანუსაუსკასმა და ბორის პისტორიუსმა ვილნიუსში მოაწერეს ხელი ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას.
გეგმის მიხედვით, გერმანიის ჯარები ლიეტუვაში ეტაპობრივად, 2024 წლიდან ჩავლენ, განლაგება კი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის დასრულდება. მთლიანობაში, გერმანია აპირებს, რომ ლიეტუვაში დაახლოებით, 5000 ჯარისკაცი განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა. მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი.
„აღმოსავლეთ ფლანგი ახლა აღმოსავლეთით გადავიდა და მისი დაცვა გერმანიის მოვალეობაა,“ - განაცხადა პისტორიუსმა თავის კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლიეტუვაში, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე, მის ახლო მოკავშირეს, ბელორუსს ესაზღვრება.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ პირობა დადო, რომ თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე გააძლიერებს.
სამოქმედო გეგმა გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. გერმანული ბრიგადის ბირთვი ხუთი ბატალიონისგან შედგება, მათ შორის, სატანკო და საარტილერიო ჯგუფისგან. ლიეტუვაში ასეთი ბრიგადის განლაგების შესახებ მსჯელობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაიწყო და გერმანიამ ამასთან დაკავშირებით მზადყოფნა ივნისში გამოაცხადა.
გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა.
პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს.
ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას.
თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.