აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ვაშინგტონში იწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმის სომხურ სამსახურს. Europetime მის თარგმანს გთავაზობთ.

_თქვენ ახლახან დაბრუნდით აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა?


ო'ბრაიენი: ვფიქრობ, ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ორმა ქვეყანამ ისაუბროს ერთმანეთთან და მიაღწიოს პრაქტიკულ შეთანხმებებს. მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ერთმანეთის მხარდაჭერა მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, მათი საერთაშორისო მისწრაფებების [მხარდაჭერის] ჩათვლით, [მაგალითად] აზერბაიჯანმა უნდა უმასპინძლოს გაეროს კლიმატის მომდევნო კონფერენციას, რისი უფლებაც მას ახლა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, ასევე, სომხეთის საერთაშორისო მისწრაფებებისთვის.

ამგვარი მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნორმალური ორმხრივი ურთიერთობის დამყარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მხარეების მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ორივე მხარემ გამოთქვა ამის ინტერესი. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სხვები, მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან  მშვიდობა უზარმაზარ სარგებელს მოიტანს.“


_ბაქოში თქვენი შეხვედრის შემდეგ, უწოდებდით თუ არა „ნორმალურს“ აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს? უმასპინძლებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ წლის ბოლომდე?

ო'ბრაიენი: რაც ჩვენ ვუთხარით ამ ორ ქვეყანას, არის ის, რომ ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს და ამას ისევ გავაკეთებთ, თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ ეს მათ დაეხმარება მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ შეხვედრისკენ, მათ განაცხადეს, რომ მზად არიან, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად. წელს ალბათ, შეხვედრა ვერ მოესწრება, რადგან წლის ბოლომდე საკმაოდ მოკლე დროა დარჩენილი.