რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ამის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე 2023 წლის ბოლოსთვის განახლდა.
მისი მიხედვით, ბოლო წლებში მოკავშირეებმა გააძლიერეს NATO-ს წარმომადენლობა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების შექმნით ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მოკავშირეებმა ასევე გაგზავნეს მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ჯარი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე. ალიანსის განცხადებით, ეს ქმედებები ცხადყოფს მოკავშირეების გადაწყვეტილებას და მზადყოფნას, დაიცვან ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა.
მოკავშირეები NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევენ მის სამხედრო ყოფნას ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში.
ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდა, რუსეთის მხრიდან მისი მეზობლებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ არსებულ საფრთხეებზე პასუხია.
NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
2018 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ გადაწყვიტა, გაეზარდა თავისი ყოფნა რეგიონში სიტუაციური ცნობიერების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ, საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვისთვის წვრთნების ჩატრებითა და ასევე, პორტებში ვიზიტებით.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები გაგზავნეს NATO-ს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციას.
ეს მოიცავს ათასობით დამატებით ჯარისკაცს ალიანსის საბრძოლო ჯგუფებში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს NATO-ს საჰაერო საპოლიციო მისიების მხარდასაჭერად, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში საზღვაო ძალების გაძლიერებას, ჯარების საერთო მზადყოფნის გაზრდას და მაღალ მზადყოფნაში მყოფი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას რუმინეთისკენ.
2016 წლის სამიტზე ვარშავაში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2017 წელს, ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი შეიქმნა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში, რომლებსაც შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და შეერთებული შტატები ხელმძღვანელობენ.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა გააძლიერეს არსებული საბრძოლო ჯგუფები და შეთანხმდნენ კიდევ ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მთლიანი რაოდენობა რვამდე გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგდა ჯარების რაოდენობა ადგილზე და გაფართოვდა NATO-ს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - ჩრდილოეთით ბალტიის ზღვიდან სამხრეთით შავ ზღვამდე.
მოკავშირეები მზად არიან, განათავსონ ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნის ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. რვა საბრძოლო ჯგუფი აჩვენებს ტრანსატლანტიკური კავშირის სიძლიერეს და ალიანსის სოლიდარობას, მონდომებას და ნებისმიერ აგრესიაზე რეაგირების უნარს. 2022 წლის სამიტზე მადრიდში, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები ბრიგადებად ექციათ იქ, სადაც ეს საჭირო იქნება. მოკავშირეები ახლა ამ პროცესის განხორციელების ეტაპზე არიან.
„მოკავშირეების მიერ ეროვნულ დონეზე განხორციელებული მრავალი აქტივობა ასევე ხელს უწყობს მოკავშირეთა აქტივობის გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მოკავშირეებმა გაგზავნეს დამატებითი ხომალდები, თვითმფრინავები და ჯარები NATO-ს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოზას,“ - აცხადებენ ალიანსში.
- აღსანიშნავია, რომ ეს საბრძოლო ჯგუფები არ არის იდენტური; მათი ზომები და შემადგენლობა მორგებულია კონკრეტულ გეოგრაფიულ ფაქტორებსა და საფრთხეებზე.
2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რვა საბრძოლო ჯგუფი შედგება შემდეგი მოკავშირეებისგან:
მასპინძელი ქვეყანა: ბულგარეთი
ხელმძღვანელი ქვეყანა: იტალია
მონაწილე ქვეყნები: ალბანეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და შეერთებული შტატები.
მასპინძელი ქვეყანა: ესტონეთი
ხელმძღვანელი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
მონაწილე ერები: საფრანგეთი და ისლანდია.
მასპინძელი ქვეყანა: უნგრეთი
ხელმძღვანელი ქვეყანა: უნგრეთი
მონაწილე ქვეყნები: ხორვატია, იტალია, თურქეთი და შეერთებული შტატები.
მასპინძელი ქვეყანა: ლატვია
ხელმძღვანელი ქვეყანა: კანადა
მონაწილე ქვეყნები: ალბანეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი.
მასპინძელი ქვეყანა: ლიეტუვა
ხელმძღვანელი ქვეყანა: გერმანია
მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია და შეერთებული შტატები.
მასპინძელი ქვეყანა: პოლონეთი
ხელმძღვანელი ქვეყანა: შეერთებული შტატები
მონაწილე ქვეყნები: ხორვატია, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო.
მასპინძელი ქვეყანა: რუმინეთი
ხელმძღვანელი ქვეყანა: საფრანგეთი მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია და შეერთებული შტატები.
მასპინძელი ქვეყანა: სლოვაკეთი
ხელმძღვანელი ქვეყანა: ჩეხეთი
მონაწილე ქვეყნები: გერმანია და სლოვენია.
რვავე საბრძოლო ჯგუფი ინტეგრირებულია NATO-ს სამეთაურო სტრუქტურაში, საიმისოდ, რომ უზრუნველყოს აუცილებელი მზადყოფნა და რეაგირება.
2022 წლის NATO-ს სამიტზე, მადრიდში, მოკავშირეებმა შეთანხმდნენ ძალების განლაგების ახალ მოდელზე, რომელიც მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების უფრო გაფართოებას გულისხმობს, ეს ძალები პოტენციურად ხელმისაწვდომი იქნება NATO-სთვის. ამ ახალ მოდელზე NATO 2023 წლის ბოლოდან გადავიდა.
2023 წლის ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებმა დაამტკიცეს ახალი თაობის რეგიონული თავდაცვის გეგმები, რაც კოლექტიური თავდაცვის დაგეგმარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.