აზერბაიჯანი-სომხეთი: სად გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება?

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოწერონ ხელი. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სომხეთი უარს იტყვის თბილისის ვარიანტზე და დაჟინებით მოითხოვს, რომ დოკუმენტი ბრიუსელში გაფორმდეს.


„ირანის ბოლოდროინდელი გააქტიურება აშკარაა სამხრეთ კავკასიის პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში: თეირანიც არის შემოთავაზებული, როგორც ადგილი, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ვერსია დამტკიცდება და მას ხელი მოეწერება. ბაქოსთვის ეს ვარიანტი არ არის სასურველი, რადგან ირანს აქვს სამშვიდობო მისიების განხორციელებისა და მისი შუამავლობით მოლაპარაკებების წარმართვის უარყოფითი გამოცდილება. იმის გათვალისწინებით, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარი სისხლიანი ტერაქტის გამოძიება არ დასრულებულა და საელჩოს საქმიანობა არ განუახლებია, ირანის წინადადება აზერბაიჯანისთვის არ არის მისაღები,“  წერს Trend-ი.

მისივე ინფორმაციით, სტამბოლი ან ანკარა ასევე იმ პოტენციურ ადგილებს შორისაა, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია. თუმცა ცხადია, რომ ევროკავშირი სტამბოლის ვარიანტს მისაღებად არ განიხილავს.


აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება.


  • „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.

თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო.


„ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც.


„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა