რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ტურნე 5 იანვარს დაიწყო, ამჟამად ისრაელში იმყოფება. ბლინკენმა დღის განმავლობაში შეხვედრები ისრაელის ოფიციალურ პირებთან გამართა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა პრემიერ ნეთანიაჰუსთან და ომის კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, აღკვეთოს 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმების განმეორება. ამასთან, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას.”


ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მიმდინარე ძალისხმევები და ღაზის სექტორის სამოქალაქო პირებისადმი განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა.” მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ისრაელისა და რეგიონისთვის გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, მათ შორის, პალესტინის სახელმწიფოს არსებობით.


ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს. ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელში "წარმოუდგენლად რთულ დროს" ჩავიდა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის იმ მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებში მოისმინა.


„ვიცი თქვენი ძალისხმევა მრავალი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი დაკავშირებადობისა და ინტეგრაციის შესაქმნელად და ვფიქრობ, რომ რეალური შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ უნდა გადავლახოთ ეს ძალიან რთული მომენტი და უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს,“ - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გაფართოების პრევენციის და რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობას.


რაც შეეხება პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აღნიშნული შეხვედრაზეც ანალოგიურ თემებზე ისაუბრა, რაზეც ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისას.


თავად ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით კი, ისრაელს სჭირდება „ჰამასთან“ ომის დასრულება, რათა უზრუნველყოს მძევლების დაბრუნება და ხალხის უსაფრთხოება.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელელ სამხედროებსა და ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ სახლებში.


„ასე რომ, უნდა ვიპოვოთ გზა. დიპლომატიური გზა ირანსა და "ჰეზბოლაზე" დიდი ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავიყვანოთ ისინი შეძლებისდაგვარად. დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილო ომი ხვალ,“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს „ჰეზბოლასთან“ ომის თავიდან ასაცილებლად, რაც, მისი შეფასებით, ლიბანს გაანადგურებს.


თავის მხრივ, ისააკ ჰერცოგმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება.
 
„არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს,“ - აღნიშნა ჰერცოგმა.

ისააკ ჰერცოგმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

  • განახლება

ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის.

„არავის სურს ამ კონფლიქტში მეტი ფრონტის გახსნის დანახვა. რეგიონის ქვეყნები თავიანთ გავლენას იყენებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელელებმა უსაფრთხოება უნდა იგრძნონ, ვიდრე ჩრდილოეთ ისრაელში თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. თანაბრად, ჩვენ და ისრაელის ხელისუფლებას გვჯერა, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესოა ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


„თუ რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ძალები საფრთხეს იგრძნობენ ან თავდასხმის ქვეშ მოხვდებიან, “ჩვენ სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ, პასუხს გავცემთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ომსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელი  თავიდან ბოლომდე არის "ჰამასი".

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას უწევს გადაწყვეტილებების მიღება, და ეს "ჰამასსაც" მოიაზრებს. "ჰამასს" ამის დამთავრება 8 ოქტომბერს შეეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან არ დამალვით, იარაღის დაყრით, ტყვედ ჩაბარებით, მძევლების გათავისუფლებით. ეს ტანჯვა არ მოხდებოდა "ჰამასს" 7 ოქტომბერს რომ არ ექნა ის, რაც ქნა, და მას შემდეგ სხვაგვარი გადაწყვეტილებები რომ მიეღო,” - განაცხადა ბლინკენმა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, 7 ოქტომბერი არასდროს არ უნდა განმეორდეს, აშშ მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გზაზე მუშაობს.

“ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს,” - განაცხადა ბლინკენმა.


სახელმწიფო მდივანი ასევე ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერების შესახებ მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აშშ სასწრაფოდ მუშაობს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ გზის განსაზღვრაზე.


ბლინკენმა “უსაფუძვლო” უწოდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ გენოციდის შესახებ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ბრალდებები “განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ვინაიდან „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, „ჰუსიტები და მათი მხარდამჭერი ირანი აგრძელებენ ებრაელთა მასობრივი მკვლელობებისკენ მოწოდებებს.”

სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ახლა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის.


„პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ,” - განაცხადა ბლინკენმა და კვლავ გაიმეორა, რომ პალესტინელები ღაზის სექტორიდან არ უნდა გადასახლდნენ.

ბლინკენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას განუცხადა, რომ ეს არ მოხდება.