ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდაჭერის ახალი მექანიზმის ელემენტები დაამტკიცა

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, ახალი ერთიანი ინსტრუმენტის შექმნის წინადადებასთან დაკავშირებით,  „ნაწილობრივი მოლაპარაკების მანდატი“ დაამტკიცეს.  ამავდროულად, მხარი დაუჭირეს რეფორმების განხორციელებას, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ 10 იანვარს განაცხადა.

ევროკავშირის განმარტებით, უკრაინის მექანიზმი გააერთიანებს ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას ერთ ინსტრუმენტში, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და ასევე მოქნილ მხარდაჭერას 2024-2027 წლებში. საბჭოს ნაწილობრივი მოლაპარაკების მანდატი ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს არ მოიცავს.


„ევროკავშირი მზად არის, უზრუნველყოს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა, ვიდრე ეს საჭიროა. უკრაინის მექანიზმი მიზნად ისახავს თანმიმდევრულ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ აღადგინოს თავისი ქვეყანა რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გამოწვეული უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ამავდროულად, მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, წინ წასწიოს რეფორმები და მოდერნიზაციის მცდელობები, რაც მას სჭირდება ევროკავშირში მომავალი წევრობის გზაზე წინსვლისთვის,“ ამბობს ბელგიის ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი.


ცნობისთვის, ძირითადი ელემენტები მოიცავს შემდეგს: პირველი ნაწილი: უკრაინის მთავრობა მოამზადებს „უკრაინის გეგმას“, რომელშიც ჩამოყალიბდება ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის განზრახვები და რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში. ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოსთვის გრანტებისა და სესხების სახით უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის გეგმის იმპლემენტაციის საფუძველზე, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული პირობებით და თანხების გაცემის ვადით.


მეორე ნაწილი: უკრაინის საინვესტიციო ჩარჩოს მიხედვით, ევროკავშირი უზრუნველყოფს მხარდაჭერას საბიუჯეტო გარანტიების და სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების გრანტებისა და სესხების ერთობლიობის სახით. 

მესამე ნაწილი: ტექნიკური დახმარება და სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც ეხმარება უკრაინას ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში მისი მომავალი გაწევრიანების გზაზე.