„ჰუსიტებმა“ შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი ამოიღეს მიზანში - ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-ის ინფორმაციით, ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი ამოიღეს მიზანში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. უსაფრთხოების ფირმის ცნობით, გემმა მასთან ახლოს რაკეტის გასროლა დააფიქსირა. უსაფრთხოების ფირმის შეფასებით, „ჰუსიტებს“ შეცდომა საჯაროდ ხელმისაწვდომი მოძელებული ინფორმაციის გამო მოუვიდათ, რომელიც გემს გაერთიანებულ სამეფოსთან აკავშირებდა.

„ეს იყო მეორე ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და “ჰუსიტებმა“ შეცდომით მიზანში ამოიღეს," - წერს Ambrey.


გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) განმარტა, რომ იემენის საპორტო ქალაქ ადენის სამხრეთ აღმოსავლეთით 90 საზღვაო მილის დაშორებით რაკეტის გასროლის ცნობა მიიღო.

იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ.

გაერო უკიდურესად შეშფოთებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, ჰუთების სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით - ეს შეშფოთება უკავშირდება ესკალაციის საფრთხეს, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მთელ რეგიონსა და თავად იემენზეც.


„უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში,“ - წერია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც იცავენ თავიანთ გემებს თავდასხმებისგან, გააკეთონ ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც რეზოლუციაშია გათვალისწინებული.

გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია წითელ ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე.