ზელენსკი ბლინკენს: იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დავოსში შეხვდა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს ურყევი მხარდაჭერისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ლიდერობისათვის.“


„ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვაცნობე მდივან ბლინკენს და ჯეიკ სალივანს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, უკრაინის თავდაცვის ძალების ამ წლის ძირითადი ამოცანებისა და მათ შესასრულებლად საჭირო საშუალებების შესახებ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებული აქცენტით საჰაერო თავდაცვაზე და შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


მან კონკრეტულად მიუთითა ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემაზე, რომელიც დაეხმარა უკრაინას რუსული რაკეტების ჩამოგდებაში.

„ეს ნამდვილად ეხმარება ხალხს გადარჩენაში რუსეთის ამ დიდი აგრესიის დროს,“ - განმარტა ზელენსკიმ.


მან სხვა საკითხებიც გამოყო.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები, განსაკუთრებით, - თავდაცვის წარმოებაში, და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ უფრო დიდი თავდაცვითი თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება გაზრდის უკრაინის თავდაჯერებულობას და შეამცირებს მის დამოკიდებულებას უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე,“ აღნიშნა ზელენსკიმ.


თავის მხრივ, ბლინკენი ზელენსკის ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ კონგრესთან, რათა ვიმუშაოთ ამის მისაღწევად. ვიცი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები იგივეს გააკეთებენ," - განუცხადა ბლინკენმა ზელენსკის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრისას.


ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ასევე შეუერთდა შეხვედრას და განუცხადა ზელენსკის, რომ „შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოწადინებულნი არიან, უზრუნველყონ რუსეთის მარცხი და უკრაინის გამარჯვება.“

შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.