უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება უნდა მოხდეს.„უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამაზეა კონცენტრირებული,“ - განმარტა სალივანმა.
„უნდა შეგვეძლოს უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება იარაღისთვის, რომელიც მას სჭირდება, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც მას სჭირდება. ამისთვის საჭიროა ორპარტიული მხარდაჭერის მობილიზება, რომელიც გვაქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე - სენატში, რათა ის რეალურ ხმებად ვაქციოთ. პრეზიდენტი ბაიდენი სრულიადაა ამაზე კონცენტრირებული. ვცდილობთ, ეს უახლოეს კვირებში მივიღოთ. ვაგრძელებ რწმენას, რომ ამდენი პერიპეტიების შემდეგ, ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწევთ ამას,” - განაცხადა სალივანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკრაინამ ეკონომიკური რეფორმები გაატარა, საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზა გააძლიერა და დასავლეთთან ინტეგრაცია დააჩქარა.
„რა თქმა უნდა, ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთმა მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხშირი დანაღმული ველები მოაწყო, რაც უკრაინის მიერ დიდი ტერიტორიული დაბრუნების მიღწევას ართულებს. ჩინეთის დახმარებით პუტინი სამხედრო-სამრეწველო ბაზის მობილიზებას ახდენს და ეკონომიკა სამხედრო დროის რელსებზე გადაჰყავს.
რუსეთი უფრო მეტ იარაღს ეძებს როგორც ჩრდილოეთ კორეისგან, ასევე ირანისგან, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას არღვევს, რომელთა მიღებასაც თავად მოსკოვმა მისცა ხმა,” - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.