Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო ბანკები რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უცხოური ბანკების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ბოლო კვირებში რუსული ბიზნესის აუდიტი სულ მცირე ორმა ბანკმა მოითხოვა.
წყაროები დასძენენ, რომ ბანკები სანქციების სიაში მყოფ კლიენტებთან კავშირს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მომსახურებას შეწყვეტენ, განურჩევლად ვალუტისა და ტრანზაქციების ადგილისა. თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ჩინური ბანკები აძლიერებენ მომხმარებელთა სათანადო კონტროლს, მათ შორის იმის შემოწმებას, არიან თუ არა ბენეფიციარები რუსეთიდან და არის თუ არა ბიზნესი რუსეთში რეგისტრირებული.
ამოწმებენ სხვა კლიენტებსაც, რომლებიც ბიზნესს რუსეთში ეწევიან ან რუსეთში შეაქვთ მნიშვნელოვანი საქონელი მესამე ქვეყნების გავლით. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ სამხედრო დახმარებას არც რუსეთს და არც უკრაინას არ უწევს, თუმცა პეკინი და მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ. ამასთან, „საზღვრებს გარეშე“ მეგობრობის პირობას დებენ.
დასავლეთი ხშირად მოუწოდებს პეკინს, რომ მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს, რათა რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში.