საქმეთა გაჭიანურების პრობლემა სასამართლო სისტემაში - რაზე მიუთითებს კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ კვლევით, თუ 2017 წელს ერთ მოსამართლეზე წლის განმავლობაში საშუალოდ 567 საქმე მოდიოდა, 2022 წლის მონაცემებით, ეს საშუალო მაჩვენებელი 737-ს შეადგენს. შესაბამისად, კვლევის ავტორების თქმით, საკვლევ პერიოდში ყოველწლიურად იზრდება ერთი მოსამართლის დატვირთულობა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურება მეტწილად მოსამზადებელ ეტაპზე ხდება. 


„თუ რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ერთდროულად 300 საქმე ჰქონია წარმოებაში, გურჯაანსა და ზუგდიდში ეს მაჩვენებელი 1000 საქმემდე აღწევს. ერთდროულად, მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ძირითადად, მერყეობს ერთ მოსამართლეზე 200-500 ფარგლებში და არასოდეს არის 138 საქმეზე ნაკლები. ამისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლოებში განსახილველ საქმეთა ნაშთით, მოსამართლის დატვირთულობა წლების განმავლობაში სტაბილური, ხოლო უზენაეს სასამართლოში 2020-22 წლებში - კლებადია.


სააპელაციო სასამართლოებში თითოეულ მოსამართლესთან არსებული ნაშთი 40-120 საქმეს შორის მერყეობს. განსახილველ საქმეთა ნაშთით, მოსამართლის დატვირთულობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ სასამართლო სისტემაში შემოსულ საქმეთა ნაკადის მოცულობა და დინამიკა, რათა დავინახოთ, როგორია მოსამართლის დატვირთულობა საქმეთა შემოდინების ხარჯზე. სასამართლო სისტემაში საქმეთა შედინებას, როგორც წესი, პირველი ინსტანციის სასამართლოებში შემოსული საქმეები განსაზღვრავს. 2017 წელთან შედარებით, 2022 წელს სასამართლოში შემოსულ საქმეთა რაოდენობა 27% -ითაა გაზრდილი71. შესაბამისად, ნაშთად დარჩენილ საშუალოდ 300 საქმეს ყოველწლიურად ემატება საქმეთა ნაკადის მზარდი ოდენობა, წელიწადში 475-591 საქმე,“ - წერია კვლევაში.

2017-2022 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად შესული საქმეების საერთო მასის 73 %-ს სამოქალაქო საქმეები, 14 %-ს სისხლის და 13 %-ს ადმი- ნისტრაციული საქმეები შეადგენენ.


აქვე განხილულია ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებიც.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოში პირველი ინსტანციის ერთ მოსამართლესთან საქმეთა ნაკადის შედინება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე იყო და ქართველი მოსამართლე არც წინა წლის ნაშთის დამატების ხარჯზე გამოიყურებოდა სხვებთან შედარებით გადატვირთულად, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების ეფექტიანობა დაბალია და, საქმეთა წმენდის მაჩვენებლით, საქართველო ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებდა.


საინტერესოა სლოვაკეთის მაგალითი, სადაც საქართველოსთან შედარებით, თითქმის ორმაგი ოდენობის საქმეთა შემოდინების პირობებში, შემოსულზე მეტი საქმე დასრულდა (წმენდის მაჩვენებელი 112%-ს უტოლდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წელს სლოვაკი მოსამართლე დაახლოებით 1000-მდე საქმეს ასრულებდა).

ცალკე კვლევის საგანია, კონკრეტულად, რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები მაღალი დატვირთულობის პირობებში არსებული სამოსამართლო რესურსით საქმეთა წმენდის მაჩვენებლის გასაზრდელად და რომელ მათგანს, რა ეფექტი მოაქვს (მოსამართლეთა გადანაწილება, დამხმარე პერსონალი, ტექნოლოგიები, კანონის ცვლილებები და სხვ); თუმცა შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მაღალი დატვირთულობა აუცილებლად საქმეთა განხილვის გაჭიანურებას არ განაპირობებს. დატვირთულობის მიუხედავად, შესაძლებელია წლის ბოლოს ნაშთის სახით დარჩენილ საქმეთა რაოდენობის (Ur) შემცირება, რაც დინამიკაში, დასრულების სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში ამცირებს საქმის განხილვის ხანგრძლივობას (DT)77,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


ორგანიზაციამ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები დღეს, 17 იანვარს წარადგინა. დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის პროცესი მოიცავდა ინტერვიუს 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200 მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები.

შესწავლილია არსებული ნორმატიული რეგულაციები და გაჭიანურებული საქმეები. დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ განაცხადა, რომ “სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება და მოსამართლეთა გადატვირთულობა მრავალი წელია, აღიარებული პრობლემაა, თუმცა აქამდე არ იყო ცნობილი ის კონკრეტული მიზეზები, თუ რა იწვევს მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების დროულად მიღების შეფერხებას და მოსამართლეთა გადატვირთულობას.“


კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ძირითადად ჭიანურდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული პატიმრობა.“

კვლევის თანახმად „არ არსებობს მოსამართლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული საქმეთა ნაკადის მართვის ერთიანი სისტემა. მოსამართლეებს არ აქვთ დატვირთვის შემსუბუქების მოლოდინი და ერთადერთ მოტივატორად ხალხის წინაშე პროფესიულ პასუხისმგებლობას მიიჩნევენ. არ ხდება მათთვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პერიოდული გადამზადება, ტექნოლოგიებით და დამხმარე ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.“

კვლევაში ასევე საუბარია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაზე, რომელიც მოძველებულია და არ შეიცავს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის და მოსამართლეთა განტვირთვის საკმარის რეგულაციებს.


„რიგ შემთხვევებში, მოსამართლეები არაეფექტიანად იყენებენ სხდომათა გადადების პრევენციის არსებულ საკანომდებლო მექანიზმებს, და ხშირ შემთხვევაში ადვოკატებიც წარმატებით ახერხებენ სხდომების გაჭიანურებას, რადგან არ არსებობს პროცესის განზრახ გაჭიანურებაზე მათი პროფესიული პასუხსმგებლობის მექანიზმი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც მოქალაქე მოახერხებს  პროცესის დაჩქარებას ან საქმის გაჭიანურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.“

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემა სათანადოდ არ უწყობს ხელს დავის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) განვითარებას, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად განტვირთოს მოსამართლე.


კვლევა მომზადდა „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „დემოკრატიის ინდექსი“. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.